ერთი შეკითხვა მაქვს ყველასთან. თქვენი აზრით, რა რაოდენობის ბირთვული მასალაა საჭირო სან-ფრანცისკოს სიდიდის ქალაქის გასანადგურებლად? რამდენ თქვენგანს მიაჩნია, რომ ამ ჩემოდნის ზომის რაოდენობაა საკმარისი? კარგი, ამ მიკროავტუბუსზე რას იტყვით? ძალიან კარგი. სინამდვილეში კი, შესაბამის პირობებში, თქვენი დილის ლატეს პორციის რაოდენობის გამდიდრებული ურანი, სავსებით საკმარისია 100 000 ადამიანის მყისვე მოსაკლავად. ასი ათასობით ადამიანი კი, საშინელად დაავადდება და ქალაქის დიდი ნაწილი, წლებისა თუ ათწლეულების მანძილზე, საცხოვრებლად უვარგისი გახდება. თუმცა, მოდი დავივიწყოთ "ბირთვული ლატე", რადგან დღეს არსებული ბირთვული იარაღები, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში გამოყენებულ ბირთვულ იარაღზე ბევრად ძლიერია და სულ უმნიშვნელო ბირთვულ ომს, ვთქვათ,10 ბირთვულ იარაღიანს, შეუძლია ჩვენ პლანეტაზე სიცოცხლე სრულად მოსპოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამჟამად 9 ქვეყნის ხელში 15 000-ზე მეტი ბირთვული იარაღია და თუკი თქვენ ქალაქში, ან სამხედრო ობიექტთან ახლოს ცხოვრობთ, შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი, თქვენკენაც იყოს მომართული. ან თუ ცხოვრობთ ისეთ გარეუბანში, სადაც ბირთვული იარაღი ინახება, სავარაუდოდ ერთ-ერთს თქვენ გიმიზნებენ. არსებული ბირთვულ იარაღებიდან 1 800 განგაშზეა გათვლილი და პრეზიდენტის ბრძანების შემთხვევაში, 15 წუთში გააქტიურდება. მესმის, რომ ეს სასიამოვნო არ არის და შესაძლოა, ფსიქიკური დაქანცულობაც გაქვთ, რომელზეც ადრე მოვისმინეთ. ამიტომ ცოტა ხნით სხვა თემაზე გადავალ და ჩემ წარმოსახვით მეგობარზე მოგიყვებით, რომელსაც ჟასმინს ვუწოდებ. ერთი წუთით....... ჟასმინი 25 წლისაა და იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც ბოლო 50 წლის მანძილზე, პოლიტიკურად და სოციალურად ყველაზე აქტიურია. ის და მისი თანამოაზრეები თავს ლიდერებად და აქტივისტებად მოიაზრებენ, რომლებიც სამყაროს ცვლიან. მე მათ "შემძლეების თაობად" მივიჩნევ. ისინი მუდმივად აპროტესტებენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს. თუმცა, არა ბირთვულ იარაღს და ამას თავისი მიზეზი აქვს. ჟასმინი დაიბადა 1991 წელს, მაშინ როცა ცივი ომი დასრულდა, შესაბამისად მას ამ საკითხზე ბევრი არ სმენია. მას არ უწევდა სკოლის მერხის ქვეშ დამალვა. მისთვის ბომბსაფარი მხოლოდ ანდროიდის აპლიკაციაა. ბირთვული იარაღები კი, თამაშებს აგებინებს და ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან ახლა სწორედ "შემძლეების თაობა" გვჭირდება, რომლებიც ბირთვულ იარაღის თაობაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიგვაღებინებს. მაგალითად, შევამციროთ ბირთვული არსენალი, თუ მათ გათანამედროვეობაში მილიარდები და შესაძლოა ტრილიონებიც დავხარჯოთ, რომ მან 21-ე საუკუნეს გაუძლოს და როცა ჟასმინი ჩემი ასაკის იქნება, თავის შვილებს და შესაძლოა შვილიშვილებსაც, ბირთვული ჰოლოკოსტის საფრთხის შესახებ ესაუბროს? თუ თქვენ თვალს ადევნებთ ამჟამინდელ კიბერსაფთხეებს, ან თუ ოდესმე გესმენიათ Stuxnet-ის ვირუსზე, ან ღვთის გულისათვის, თუ ოდესმე ელ-ფოსტა, Yahoo-ს ანგარიში, ან ტელეფონი გაგიტეხეს, მაშინ უნდა გესმოდეთ როგორი იქნება მოდერნიზაციით დაზარალებული ახალი მსოფლიო, კიბერ ომების პერიოდში. მეორეს მხრივ, თუ გავითვალისწინებთ თანხებს, ტრილიონი დოლარით შესაძლებელია უამრავი ადამიანის გამოკვება, დასაქმება და განათლების მიცემა და ამ ყველაფერს შეუძლია შეამიცროს, ბირთვული ომის დაწყების საფრთხეც კი. ასე რომ.. (აპლოდისმენტები) აი, ეს არის დღეს მნიშვნელოვანი, რადგან ბირთვული იარაღი დაუცველია. ჩვენ მყარი მტკიცებულება გვაქვს, რომ ტერორისიტები მათ ხელში ჩაგდებას ცდილობენ. თუნდაც წინა გაზაფხულს, 4 პენსიონერი და 2 ტაქსის მძღოლი დააკავეს საქართველოს რესპუბლიკაში ბირთვული მასალის 200 მილიონ დოლარად გაყიდვის მცდელობისთვის, ამ ფაქტმა აჩვენა, რომ მსგავსი მასალისთვის შავი ბაზარი კვლავ ფუნქციონირებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბირთვული იარაღთან დაკავშირებული, ათობით შემთხვევა მოხდა და დარმწუნებული ვარ ბევრ თქვენგანს, ამის შესახებ არც გაუგია. თუნდაც აქ, შეერთებულ შტატებში, კაროლინის ორივე შტატში, ორჯერ ჩამოგვივარდა ბირთვული ბომბი. პირველ შემთხვევაში თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი ბომბი არ აფეთქდა, რადგან მისი გული, თვითმფრინავში სხვაგან ინახებოდა. მეორე შემთხვევის დროს კი, მიწაზე დაშვებისას 6 ჩამკეტიდან, რომელსაც მისი აფეთქება უნდა შეეკავებინა 5-მა არ იმუშავა, მაგრამ საბედნიეროდ მე-6 იმუშავა. თუ ეს საკმარისი მიზეზი არაა, გავიხსენოთ 1995 წლის ბლექ ბრენტის შემთხვევა, როცა რუსმა ტექნიკოსებმა რადარზე თითქოს რუსეთის საჰაერო სივრცისკენ მომავალი ამერიკული ბირთვული ჭურვი შეამჩნიეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ნორვეგიული რაკეტა იყო, რომელიც ჩრდილოეთის ნათების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. მაგრამ იმ დროს, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს, მხოლოდ 5 წუთი აშორებდა, რომ სრულმასშტაბიანი საპასუხო ბირთვული გასროლა განეხორციელებინა შეერთებული შტატების წინააღმდეგ. მაშ, ბირთვული სახელმწიფოების უმრავლესობამ, აიღო ვალდებულება მოეშორებინათ მასობრივი განადგურების იარაღები. თუმცა საგულისხმოა, რომ ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, რომელიც ისტორიაში იარაღის კონტროლის ყველაზე ფართედ მიღებული ხელშეკრულებაა, ის 190 ხელმომწერ სახელმწიფოს აერთიანებს, არ განსაზღვრავს ზუსტ თარიღს, თუ როდის უნდა მოიშორონ თავიდან ამ სახელმწიფოებმა ბირთვული იარაღი. მაშინ როცა კენედიმ ადამიანის მთვარეზე გაგზავნა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა, მას არ უთქვამს: "როცა შეძლებთ, მაშინ გააკეთეთ". მან გარკვეული ვადა მოგვცა. მან დაგვაყენა გამოწვევის წინაშე, რომელიც რამდენიმე წლით ადრე წარმოუდგენლად მიგვაჩნდა. და ამ გამოწვევით მან შთააგონა მეცნიერები და მარკეტერები, ასტრონავტები და სკოლის მასწავლებლები. მან ჩვენ მოგვცა ხედვა და ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რომ ამ ხედვასთან ერთად იგი ცდილობდა ჩვენთვის პარტნიორი გაეჩინა, ცივი ომის მძვინვარე მეტოქის, საბჭოთა კავშირის სახით. რადგნა კენედის ხედვის ნაწილი აპოლოს პროგრამის განხორცილებისას გულისხმობდა საბჭთა კავშირთან თანამშრომლობას და არა დაპირისპირებას. და ცხადია, რომ საბჭოთა კავშირის პრემიერი ნიკიტა ხრუშჩოვიც დათანხმდა. თუმცა, სანამ ეს თანამშრომლობა განხორციელდებოდა, კენედი მოკლეს და მისი ხედვის ნაწილის შესრულება შეფერხდა. თუმცა, ამ ორი ბირთვული ზესახელმწიფოს მიერ, ერთობლივი ინოვაციების შექმნის პერსპექტივა, მთლიანად არ გამქრალა. რადგან 1991 წელს, მაშინ როცა ჟასმინი დაიბადა და საბჭოთა კავშირი დაეცა, ეს ორი სახელმწიფო ჩაერთო ისეთ პროექტში, რომელიც დღესდღეობით დაუჯერებლად ჟღერს, ამ სიტყვების ყველაზე პირდაპირი გაგებით. ამ პროექტის ფარგლებში ამერიკამ რუსეთს მისთვის ყველაზე საჭირო ფინანსური დახმარება აღმოუჩნა, ბირთვული მასალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უმუშევარი ბირთვული სფეროს მეცნიერთა დასასაქმებლად. ისინი ამერიკელ მეცნიერებთან ერთად მუშაობდნენ საიარაღო ურანის ისეთ საწვავად გარდასაქმნელად, რომელსაც ატომურ ელექტროსადგურში გამოყენებდნენ. ისინი ამ პროექტს უწოდებდნენ: "მეგატონები მეგავატებში". შედეგად კი მივიღეთ ის, რომ 20 წლის განმავლობაში, ჩვენი ორი ქვეყანა ჩართული იყო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, შეერთებულ შტატებში 10 ნათურიდან ერთს ფაქტიურად ყოფილი რუსული ბირთვული ქობინის ენერგია ანათებდა. ასე რომ, ამ ორმა სახელმწიფომ ნამდვილად თამამი საქმის გაკეთება შეძლო. და კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას შანსი აქვს მათნაირი თამამი ნაბიჯები გადადგას დღეს. ბირთვული იარაღის მოშორებას და მათ შესაქმნელად საჭირო მასალებით მომარაგების შეწყვეტას, როგორც ექსპერტები მეუბნებიან, 30 წელი დასჭირდება. ამ ყველაფერს გარკვეული გამოცოცხლება დასჭირდება, ისეთი სახის ინოვაციები, რომლებიც ავად თუ კარგად, მანჰეტენის პროექტს დაედო საფუძვლად, საიდანაც დაიწყო ბირთვული იარაღის შექმნა და ასევე პროექტს "მეგატონები მეგავატებში". გარკვეული შეზღუდვები იქნება საჭირო. შემოქმდებითობის საფუძვლებია: პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის; ზუსტი თარიღი, როგორც მაიძულელბელი მექანიზმი; და პოზიტიური ხედვა, რომელიც მოქმედებისაკენ მოგვიწოდებს. სწორედ ეს მიგვიყვანს 2045 წლამდე. 2045 წელი იქნება ნიუ მექსიკოს უდაბნოში ბირთვული იარაღის შექმნის 100 წლისთავი. გარდა ამისა, ეს თარიღი სხვა რამითაცაა გამორჩეული. ნავარაუდევია, რომ ეს იქნება ტექნოლოგიური სინგულარობის მიღწევის დრო, კაცობრიობის განვითარების ახალი ეტაპი, სადაც ზღვარი ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანის ინტელექტს შორის მოიშლება, სადაც კომპიუტერის და ცნობიერი არსების გარჩევა თითქმის შეუძლებელი გახდება და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით 21-ე საუკუნის უდიდეს პრობლემებს მოვაგვარებთ: შიმშილს, ენერგიას, სიღარიბეს სიუხვის ეპოქას შემოვაცილებთ და ყველა კოსმოსში გავიჭრებით, რომ პლანეტთაშორისი სახეობა გავხდეთ. ის ადამიანები, ვისაც ამ ხედვის სჯერათ, პირველები გეტყვიან, რომ ზუსტად არ იციან ამას როგორ შევძლებთ, თუმცა მათი ხედვის უკან არსებულმა ღირებულებებმა და ინტერესმა თუ "როგორ შევძლებთ"? ინოვატირთა თაობა შთააგონა. ისინი უკუსვლით მუშაობენ მათთვის სასურველი შედეგებიდან გამომდინარე და პრობლემების გადაჭრის შემოქმედებით, ურთიერთთანამშრომლობის მეთოდებს იყენებენ. ისინი უპირისპირდებიან გამოწვევებს, და თავიდან განიხილავენ იმას, რასაც ჩვენ შესაძლებლად მივიჩნევთ. თუმცა საქმე ისაა, რომ სიუხვის ეს ხედვა, არ შეესაბამება მსოფლიოს, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის "ორმხრივად გარანტირებული განადგურების" ბირთვულ დოქტრინას ეყრდნობა. ჩვენ უნდა შევქმნათ 22-ე საუკუნის ფუნდამენტი. ორმხრივად გარანტირებული კეთილდღეობის შექმნის სტრატეგიები, ან თუნდაც ორმხრივად გარანტირებული გადარჩენის გეგმა. მე ყოველდღიურად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ნამდვილი პიონერები არიან ბირთვული საფრთხეების სფეროში. როგორც ხედავთ, მათი უმრავლესობა ახალგაზრდა ქალები არიან, და ისინი უაღრესად საინტერესო საქმეს აკეთებენ. თუნდაც მარინა რობინსონ სნოუდენი, რომელიც ახალ, გაუმჯობესებულ მეთოდებს ქმნის ბირთვული ჭურვების აღმოსაჩენად. რაც საერთაშორისო განიარაღების გზაზე არსებული კრიტიკული ბარიერის გადალახვაში დაგვეხმარება. ასევე დოქტორი მელისა ჰენჰემი, რომელიც სატელიტური გამოსახულების საშუალებით აკონტროლებს თუ რა ხდება შორეულ ბირთვულ ტერიტორიებზე. ევროპაში კი გვყავს ბეატრის ფინი, რომელიც ბირთვული იარაღის არაკანონიერად გამოცხადების კამპანიას აწარმოებს საერთაშორისო სამართლის კუთხით და გასულ კვირას გაეროში დიდი გამარჯვებაც მოიპოვა. (აპლოდისმენტები) და მაინც, და მაინც, მთელი ამ შორეული ოცნების განსახორციელებლად, ზედმეტად ცოტა "შემძლეების თაობის" წარმომადგენელი და მათი მენტორი ვიბრძვით ბირთვული იარაღის წინააღმდეგ, თითქოს ეს ტაბუდადებული თემა იყოს. თუმცა, მახსოვს კენედიმ რაღაც თქვა, რაც კარგად დამამახსოვრდა მან თქვა, რომ მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ მოიძიონ საკუთარი ხელით შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზები. ის ამბობდა, რომ კაცობრიობის ყველა პრობლება მხოლოდ ადამიანებშია. მე ამის მჯერა. და დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანსაც სჯერა ამის და მე ვიცი, რომ "შემძლეების თაობასაც" სჯერა ამის. ამიტომ, უკვე დროა, დავთქვათ თარიღი. მოდით ბირთვული იარაღების ხანა, სწორედ მისი შექმნის 100 წლის თავზე დავასრულოთ. ბოლო-ბოლო, 2045 წლისათვის ბირთვული განადგურების საშიშროების ქვეშ მილიარდობით ადამიანი გვეყოლება. 100 წელი ამისათვის უდავოდ საკმარისია. უდავოა, რომ ეკონომიკური და სამხედრო სტრატეგიების განვითარების 100 წელი საერთაშორისო კონფლიქტების გონივრულად მოგვარების გზებს გვაჩვენებს. თუკი ოდესმე რაიმე გლობალურ ოცნებას ღირს რომ მივდიოთ, ეს სწორედ ის შემთხვევაა. ახლა, როცა ჩვენ ნამდვილი საფრთხეების წინაშე ვართ, თუნდაც გავიხსენოთ ჩრდილოეთ კორეის ბითვული იარაღის გამოცდა, რომელიც სანქციების მიუხედავად ჩატარდა. რაციონალური ადამიანები არ ეთანხმებიან და ფიქრობენ შევინარჩუნოთ თუ არა რამდენიმე ბირთვული იარაღი აგრესიის შესაკავებლად, მაგრამ ისმის კითხვა: მაინც რამდენი? ათასი? ასი? ათი? ამასთან ერთად: ვის ხელში უნდა იყოს ეს იარაღი? თუმცა, მგონი იმაზე მაინც შევთანხმდებით, რომ 15 000 ბირთვული იარაღი, ჟასმინის თაობისათვის გლობალურ საფრთხეს უფრო წარმოადგენს, ვიდრე რამე პოზიტიურ პირობას. ამიტომ დროა დავდოთ პირობა, რომ შევქმნით მსოფლიოს, რომელშიც გავარღვევთ ჯაჭვს, რომელიც ბირთვულმა იარაღმა ჩვენს წარმოდგენას მოახვია. მსოფლიოს, რომელშიც მხოლოდ კრეატიული მოგვარების გზებს დავაფინანსებთ, რომელიც ასე სასურველი მომავლიდან უკუსვლით იქნება მიღებული და არა აწმყოდან მომავლის მიღებით, რომელსაც ყველა ჩვენი ძველი სტერეოტიპი და მენტალიტეტი მიჰყვება თან. დროა, როგორც ლიდერებმა, ჩვენი რესურსები გამოვიყენოთ, ძველ პრობლემებს ახლებურად შევხედოთ და საკუთარ თავს ვკითხოთ "როგორ შევძლებთ"? როგორ შევძლებთ შევუსრულოთ ჟასმინის თაობას უფრო უსაფრთხო და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს პირობა? დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საქმეში თქვენც შემოგვიერთდებით. მადლობა. (აპლოდისმენტები) მადლობა. (აპლოდისმენტები)