სირბილის სულ ეს არის, მარჯვენა, მარცხენა, მარჯვენა, მარცხენა -- არა?
ბოლობოლო უკვე ორი მილიონი წელია ამას ვაკეთებთ
და ცოტა არ იყოს ჩემი მხრიდან თავხედობაც არის იმის ფიქრი
რომ რაიმე ისეთს ვიტყვი
რაც დიდი ხნის წინ ჩემზე უკეთესად არ თქმულა და გაკეთებულა.
მაგრამ, როგორც მე აღმოვაჩინე, სირბილში საინტერესო ის არის,
რომ გამუდმებით უცნაური რაღაცეები ხდება
რაც სირბილთან არის დაკავშირებული.
მაგალითისთვის: თუ ორიოდე თვის წინ თვალს ადევნებდით ნიუ იორკის მარათონს,
დარწმუნებული ვარ ისეთი რაღაც ნახეთ
რაც მანამდე არავის უნახავს.
ეთიოპიელი ქალი სახელად დერატუ ტულუ
იღებს მონაწილეობას მარათონში.
ის არის 37 წლის,
მას არცერთ მარათონში არ გაუმარჯვია ბოლო 8 წლის განმავლობაში,
და რამდენიმე თვით ადრე
კინაღამ დაიღუპა მშობიარობისას.
დერატუ ტული მზად იყო საერთოდ დაენებებინა ამ სპორტისთვის თავი,
მაგრამ გადაწყვიტა ერთხელაც ეცადა ბედი
და მსხვილი ფულადი ჯილდოს მოგების იმედით
მონაწილეობა მიეღო ისეთ ცნობილ და მასშტაბურ შეჯიბრში
როგორიც არის ნიუ იორკის მარათონი.
მაგრამ -- დერატუ ტულუსთვის სამწუხაროდ -- სხვებსაც მოუვიდათ იგივე იდეა,
მათ შორის ოლიმპიადის გამარჯვებულს
და პოლა რედკლიფს, რომელიც არის მონსტრი,
მსოფლიოს ყველა დროის უსწრაფესი ქალი.
მისი რეკორდი მხოლოდ 10 წუთით ჩამორჩება მამაკაცების მსოფლიო რეკორდს,
პოლა რედკლიფის დამარცხება ფაქტიურად შეუძლებელია.
ასეთი კონკურენტი ყავდა დერატუ ტულუს.
დაიწყო შეჯიბრი, დერატუ ტულუ არათუ ფავორიტი არ არის,
არაფავორიტებს შორისაც კი არ მიიჩნევა უძლიერესად.
მაგრამ არაფავორიტი არაფავორიტებს შორის დანებებას არ აპირებს.
და 26 მილიან დისტანციაზე 22 მილის მერე
დერატუ ტულუ გვევლინება
ლიდერებს შორის.
და სწორედ ამ დროს ხდება ძალიან უცნაური რამ.
პოლა რედკლიფი, შეჯიბრის გამარჯვების მთავარი ფავორიტი,
რომელიც, ეჭვი არავის ეპარება რომ მსხვილ ფულად პრემიას არავის დაუთმობს,
უცებ ხელს იტაცებს ფეხზე და იწყებს ჩამორჩენას.
ამ დროს ცხადია რაც უნდა გააკეთოს მისმა კონკურენტმა, ასე არ არის?
სწრაფი მოძრაობით იდაყვი უნდა მიარტყას კბილებში
და ჩაუქროლოს ფინიშის ხაზისკენ.
მაგრამ დერარტუ ტულუ ასე არ იქცევა.
გვერდზე ჩაქროლების ნაცვლად
ისიც ჩამორჩება, ხელს კიდებს პოლა რედკლიფს
და ამხნევებს "წამოდი. შენ ეს შეგიძლია".
სამწუხაროდ, პოლა რედკლიფი სწორედ ამას აკეთებს.
ეწევა მოწინავე მორბენლებს
და მირბის ფინიშისკენ.
მაგრამ მალე ისევ ჩამორჩება.
და დერარტუ ტულუ ისევ კიდებს ხელს და ცდილობს მიხმარებას.
ამ დროს პოლა რედკლიფი ამბობს,
"მორჩა. მე აღარ შემიძლია. შენ წადი."
აი, შესანიშნავი ისტორია გამოვიდა. გასაგებია ახლა როგორც უნდა გაგრძელდეს ეს ისტორია.
დერარტუ ტულუ ჩეკს კარგავს,
მაგრამ იგებს რაღაც უფრო დიდს და მნიშვნელოვანს.
მაგრამ არა, დერარტუ ტულუ უსევ არღვევს ჟანრის კანონებს.
წაგების ნაცვლად ის ყველას უსწრებს და იგებს,
იგებს ნიუ იორკის მარათონს,
და იგებს მსხვილ ჩეკს.
ძალიან თბილი და გულისამაჩუყებელი ამბავია,
მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით,
ღირს დაფიქრება თუ რა ხდებოდა ამ შეჯიბრის დროს.
როდესაც ორი ასეთი მოულოდნელი რამ ერთდროულად ხდება,
ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ დამთხვევა.
როდესაც ერთი ადამიანი არის ყველაზე უფრო სწრაფი და ყველაზე უფრო გულისხმიერი
მთელ შეჯიბრში, ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ დამთხვევა.
თუკი რამე არსებას აქვს აპკიანი ფეხები და ლაყუჩები,
ძნელი მისახვედრი არაა, რომ მას წყალთან ექნება შეხება.
მარათონის გამარჯვებულიც რომ ასეთი გულის პატრონი აღმოჩნდება, აქაც აუცილებლად უნდა იყოს რაიმე კავშირი.
ამ კავშირის დადგენაში, ჩემი აზრით,
დაგვეხმარება მექსიკის სპილენძის კანიონში მცხოვრები
ინდიელთა ტომი
სახელად ტარაჰუმარა.
ტარაჰუმარას ტომი სამი რამის გამო არის საინტერესო.
პირველი არის ის, რომ
მათი ცხოვრების წესი ფაქტიურად არ შეცვლილა
ბოლოს 400 წლის მანძილზე.
როდესაც ჩრდილო ამერიკას ეწვივნენ კონკისტადორები, იყო ორი არჩევანი:
ან უნდა შებრძოლებოდი მათ, ან გაცლოდი.
მაია და აცტეკები შეებრძოლნენ
და ამიტომაც დღესდღეობით ძალიან ცოტა მაია და აცტეკები არიან შემორჩენილი.
ტარაჰუმარას სხვანაირი სტრატეგია ქონდათ.
ისინი გაეცალნენ და დაიმალნენ
ამ ლაბირინთივით ერთმანეთთან დაკავშირებულ
კანიონების სისტემაში
სახელად სპილენძის კანიონები,
და იქ იყვნენ მე-17 საუკუნიდან მოყოლებული
ისე აგრძელებდნენ ცხოვრებას როგორც მანამდე ცხოვრობდნენ.
მეორე რაც ნიშანდობლივია ტარაჰუმარას შესახებ
არის ის, რომ ხანშიშესულ, 70-80 წლის ასაკში,
ეს ხალხი მარათონებს კი არ დარბის,
მეგა-მარათონებს დარბის.
26 მილს კი არ დარბიან,
100 და 150 მილს დარბიან თითო ჯერზე.
და როგორც ჩანს ტრავმებისა და პრობლემების გარეშე.
მესამე მნიშვნელოვანი ფაქტი ტარაჰუმარას შესახებ
არის ის, რომ ყველაფერი ის რის შესახებაც ჩვენ დღეს უნდა ვილაპარაკოთ,
ყველა ის პრობლემა რის გადაწყვეტასაც ვცდილობთ
ჩვენი ტექნოლოგიისა და ტვინის მეშვეობით,
მაგალითად გულის დაავადებები, ქოლესტეროლი და კიბო
და კრიმინალი და ომი და ძალადობა და კლინიკური დეპრესია --
ეს ყველაფერი ტარაჰუმარასთვის უცხოა.
მათ არ აწუხებთ
არცერთი ეს პრობლემა.
მაშ რა კავშირია აქ?
კვლავაც, ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ნაკლებმოსალოდნელ მოვლენებთან.
ამიტომ სავარაუდოდ უნდა იყოს რამე მიზეზშედეგობრივი კავშირი.
არიან მეცნიერთა ჯგუფები
ჰარვარდსა და იუტას უნივერსიტეტში
რომლებიც ტვინს იჭყლეტენ იმის გასარკვევად
რაც ტარაჰუმარას ხალხმა ყოველთვის იცოდა.
ისინიც ზუსტად იგივე პრობლემების გადაწყვეტას ცდილობენ.
კვლავაც გვაქვს გამოცანა გამოცანაში --
იქნებ დერარტუ ტულუს და ტარაჰუმარას გამოცანის გასაღები
ინახება სამ სხვა გამოცანაში, რომლებიცაა:
სამი რამ -- და თუ თქვენ იცით პასუხი, ამოდით მიკროფონთან და თქვით,
იმიტომ რომ სხვამ ეს არავინ იცის.
და თუ თქვენ იცით, ესე იგი თქვენ ხართ ყველაზე ჭკვიანი დედამიწის ზურგზე.
პირველი გამოცანა მდგომარეობს შემდეგში:
ორი მილიონი წლის წინ ადამიანის თავი მკვეთრად გაიზარდა ზომაში.
ავსტრალოპითეკს ქონდა ერთი ციცქნა ტვინი.
და უცებ გამოჩნდნენ ადამიანები -- ჰომო ერექტუსები --
დიდი ნესვივით თავებით.
ამხელა ტვინის გამოსაკვებად
საჭიროა მაღალკალორიული საკვები.
მოკლედ რომ ვთქვათ, ადრეული ადამიანები მიირთმევენ მკვდარ ცხოველებს.
ეს ეჭვგარეშეა.
მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ
პირველი ბასრი იარაღი გამოჩნდა მხოლოდ 200 000 წლის წინ.
ანუ თითქმის ორი მილიონი წლის განმავლობაში
ჩვენ ყოველგვარი იარაღის გარეშე ვხოცავდით ცხოველებს.
ძალას ვერ გამოვიყენებდით,
იმიტომ რომ ჯუნგლებში ჩვენზე სუსტი არავინაა.
ნებისმიერი სხვა ცხოველი ჩვენზე ძლიერია.
მათ აქვთ ეშვები, კლანჭები, სისწრაფე და მოქნილობა.
ახლა ჩვენ კი გვგონია რომ უსეინ ბოლტი სწრაფია, მაგრამ ნებისმიერი პატარა ციყვი უსეინ ბოლტს აჯობებს სისწრაფეში.
მოკლედ ჩვენ არც სწრაფები ვართ.
საინტერესო ოლიმპიური შეჯიბრი იქნებოდა: გაუშვი ციყვი,
ვინც დაიჭერს, იგებს ოქროს მედალს.
ანუ არა იარაღი, არა სიჩქარე, არა ძალა, არა ეშვები, არა კლანჭები.
როგორ ვახერხებდით ამ ცხოველების მოკვლას? ეს არის პირველი გამოცანა.
მეორე გამოცანა:
ქალები უკვე საკმაოდ დიდი ხანია მონაწილეობენ ოლიმპიურ თამაშებში,
მაგრამ ერთი რამ რაც თვალშისაცემია ყველა ქალი სპრინტერის შემთხვევაში არის ის, რომ
ძალიან სუსტები არიან, საშინლად სუსტები.
არ არსებობს სწრაფი ქალი მსოფლიოში
და არც არასდროს არსებულა.
ქალებში ვინც ყველაზე სწრაფად გაირბინა ერთი მილი, ამას მოანდომა 4.15 წუთი.
მე რომ ქვა გადავაგდო, ისეთ სკოლის მოსწავლე ბიჭს მოხვდება
ვინც უფრო სწრაფად გაირბენს.
რატომღაც ქალები ძალიან ნელები ხართ.
(სიცილი)
მაგრამ შევხედოთ მარათონს, რაზეც წეღან ვსაუბრობდით,
სულ რაღაც 20 წელია რაც თქვენ ნება დაგრთეს მარათონები გერბინათ.
იმიტომ რომ 1980-იან წლებამდე
მედიცინა ამბობდა რომ თუკი ქალი შეეცდებოდა 26 მილის გარბენას --
ვინმემ იცის რა ეგონათ რომ მოუვიდოდა ქალს თუკი ის 26 მილის გარბენას შეეცდებოდა,
ანუ რატომ იყო აკრძალული ქალების მონაწილეობა 1980-იან წლებამდე?
(მაყურებელი:მისი საშვილოსნო დაზიანდებოდა.)
დიახ. დაზიანდებოდა მისი რეპროდუქციული ორგანოები.
საშვილოსნო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადმოვარდებოდა.
ახლა მე ბევრ მარათონზე ვყოფილვარ
და ასეთი რამე ნამდვილად არ მინახავს.
(სიცილი)
ანუ მხოლოდ 20 წელია რაც ქალები მონაწილეობენ მარათონებში.
და ასე მცირე დროში
თქვენ დაზიანებული ორგანოებიდან დაიწყეთ და მიაღწიეთ იმას, რომ
მხოლოდ 10 წუთით ჩამორჩებით
მამაკაცების რეკორდს.
თუკი წავალთ 26 მილზე უფრო შორს,
ისეთ დისტანციებზე, რაზეც მედიცინა გვეუბნებოდა რომ ადამიანისთვის სასიკვდილო იქნებოდა --
გაიხსენეთ რომ ფიდიპიდე მოკვდა 26 მილის გარბენის მერე --
თუკი გადავალთ 50 და 100 მილზე,
უკვე სულ სხვა სურათს ვხედავთ.
თუ აიღებთ რომელიმე ქალ მორბენალს, მაგალითად ენ ტრეისონს, ან ნიკი კიმბოლს, ან ჯენ შელტონს,
და დააყენებთ 50 ან 100 მილიან დისტანციაზე ნებისმიერ კონკურენტის წინააღმდეგ,
წინასწარ ვერავინ იტყვის ვინ გაიმარჯვებს.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ.
ორიოდე წლის წინ ემილი ბაერი ჩაეწერა ერთერთ შეჯიბრებაში
სახელად ჰარდროკ 100,
რომლის სახელიც გეუბნებათ ყველაფერს რაც უნდა იცოდეთ ამ შეჯიბრის შესახებ.
48 საათი გქონდათ დისტანციის დასაფარად.
ემილი ბაერმა 500 სხვა მორბენალთან ერთად გაირბინა ეს დისტანცია
და დაამთავრდა მერვემ, მოხვდა ტოპ ათეულში,
მიუხედავად იმისა, რომ მთელ გზაზე ყოველ სამედიცინო დახმარების პუნქტში ჩერდებოდა
რათა ძუძუ ეწოვებინა თავისი შვილისთვის --
და მიუხედავად ამისა აჯობა 492 ადამიანს.
მაშ რატომ ხდება რომ ქალები ხდებიან უფრო ძლიერები
დისტანციის ზრდასთან ერთად?
მესამე გამოცანა მდგომარეობს შემდეგში:
იუტას უნივერსიტეტში მეცნიერებმა დაიწყეს
მარათონის მორბენლების შედეგების შესწავლა.
და აღმოაჩინეს, რომ
თუ დაიწყებ მარათონებში მონაწილეობას 19 წლის ასაკში,
წლების განმავლობაში ნელნელა გააუმჯობესებ შედეგს,
სანამ არ მიაღწევ პიკს 27 წლის ასაკში.
რის მერეც
დრო თავისას იზამს,
და თქვენ გახდებით უფრო და უფრო ნელი
სანამ არ ჩამოხვალთ იგივე სიჩქარეზე რომელზეც იყავით 19 წლის ასაკში.
ანუ პიკის მისაღწევად გჭირდებათ დაახლოებით 7-8 წელი
და შემდეგ ნელნელა ისევ უარესდება თქვენი შედეგი
სანამ არ მიაღწევთ საწყის შედეგს.
ლოგიკურად ალბათ იფიქრებთ რომ იგივე 8 წელი დაგჭირდებათ საწყის სიჩქარეზე დასაბრუნებლად
ნუ ანდაც 10 წელი -- არა, დაგჭირდებათ 45 წელი.
60 წლის ასაკის ქალებიც და კაცებიც
დარბიან ისეთივე სისწრაფით, როგორც დარბოდნენ 19 წლის ასაკში.
აბა მოიფიქრეთ რამე სხვა აქტივობა რაც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს
ოღონდ გოლფი არ თქვათ, რამე ისეთი რაც ძნელია,
სადაც მოხუცები ასპარეზობენ
ისევე კარგად როგორც ასპარეზობდნენ თინეიჯერულ ასაკში.
მოკლედ, გვაქვს ეს სამი გამოცანა.
ხომ არ არის რამე
რაც ამ სამივეს გაერთიანებდა?
დიდი სიფრთხილეა საჭირო
როცა წინაისტორიულ პერიოდზე ვინმე რამე ყოვლისმომცველ დასკვნას აკეთებს,
იმიტომ, რომ ვინაიდან საკითხი წინაისტორიულ პერიოდს ეხება,
შეგიძლია თქვა რაც გინდა და ვერავინ შეგედავება.
მაგრამ მე ერთ რამეს მაინც გეტყვით:
თუკი ამ მოზაიკას ერთ ნაწილს დაუმატებთ,
უცებ გარკვეული დასრულებული სურათი გამოჩნდება.
თუ დაფიქრდებით, რატომ არ იბრძვიან ტარაჰუმარას ტომელები
და ასევე არ იღუპებიან გულის დაავადებებით,
როგორ მოხდა რომ ღარიბი ეთიოპიელი ქალი დერარტუ ტულუ
ერთდროულად იყო ყველაზე სწრაფიც და ყველაზე გულისხმიერიც,
და როგორ შეგვეძლო, რომ
იარაღის გარეშე მოგვეპოვებინა საკვები,
იქნებ ამ ყველაფრის ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ, ადამიანები,
მიუხედავად იმისა რომ საკუთარი თავი სამყაროს მბრძანებლები გვგონია,
სინამდვილეში განვვითარდით როგორც, არც მეტი არც ნაკლები
მონადირე ძაღლები.
იქნებ ჩვენ განვვითარდით
როგორც ჯგუფურად მონადირე ცხოველები.
იმიტომ, რომ ერთადერთი უპირატესობა რაც ჩვენ გვაქვს ბუნებაში
არ არის არც ეშვები, არც კლანჭები და არც სიჩქარე --
ერთადერთი რაც ჩვენ ძალიან, ძალიან კარგად გამოგვდის არის ის რომ ვოფლიანდებით.
ძალიან კარგად გამოგვდის გაოფლიანება და გასუნიანება.
უკეთესად ვიდრე ნებისმიერი სხვა ძუძუმწოვარი, ჩვენ მართლა ძალიან კარგად ვოფლიანდებით.
მაგრამ სოციალურ დისკომფორტთან ერთად
ამას პლიუსიც აქვს,
კერძოდ, სირბილისას,
როცა გვჭირდება სიცხეში დიდი დისტანციების დაფარვა,
ჩვენ ვართ საუკეთესოები, ვერავინ შეგვედრება მთელ პლანეტაზე.
მაგალითად რომ აიღო ცხენი და არბენინო სიცხეში
5-6 მილის გარბენის მერე მას ექნება არჩევანი.
ან უნდა ისუნთქოს, ან უნდა გაგრილდეს,
მაგრამ ორივეს ერთდროულად გაკეთება არ შეუძლია -- ჩვენ კი შეგვიძლია.
მაშ რა იქნებოდა თუკი ჩვენ განვვითარდებოდით როგორც ჯგუფურად მონადირე ცხოველები?
რა იქნებოდა რომ ერთადერთი უპირატესობა რაც ჩვენ გვქონდა სხვა ცხოველებთან შედარებით
იყო ის, რომ ჩვენ შეგვეძლო შევკრებილიყავით,
გავსულიყავით აფრიკულ სავანაში, ამოგვერჩია ანტილოპა
გამოვკიდებოდით მთელი ჯგუფი და არ შევშვებოდით სანამ არ მოვინადირებდით?
ჩვენ მარტო ეს შეგვეძლო;
ჩვენ შეგვეძლო სიცხეში გვერბინა დიდი ხნის განმავლობაში.
თუკი ეს მართლაც ასე იყო, აქედან რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება.
მონადირე ჯგუფის წევრობაში მთავარია სიტყვა "ჯგუფი".
თუ მარტო შეეცდებოდით ანტილოპას გამოკიდებას
გარანტიას გაძლევთ, სავანაში ორი მკვდარი იქნებოდა.
თქვენ აუცილებლად დაგჭირდებოდათ ჯგუფი.
დაგჭირდებოდათ 64-65 წლისებიც,
ვინც იქნებოდნენ გამოცდილი ამ საქმეში
რომ მიმხვდარიყავით ზუსტად რომელ ანტილოპას მისდევთ.
იმიტომ, რომ ანტილოპების ჯოგი დაიშლება და მერე ისევ შეერთდება.
ასე რომ ეს ექსპერტი მონადირეები უნდა ყოფილიყვნენ ჯგუფში.
10 მილის უკან ვერ იქნებოდნენ.
ქალები და ბავშვებიც უნდა ყოფილიყვნენ
იმიტომ რომ ყველაზე უფრო ხორცის პროტეინები ჭირდებათ
ბავშვიან დედებს და მოზარდებს.
რა აზრი აქვს ანტილოპას მოკვლას თუკი
ის ხალხი ვისაც მისი შეჭმა უნდა იქნებიან 50 მილის იქით.
ამიტომ ისინიც უნდა იყვნენ ჯგუფში სხვებთან ერთად.
ასევე 27 წლის ჯანღონით სავსე მონადირეებიც დაგჭირდებოდათ
რომ დაეჭირათ და მოეკლათ ანტილოპა,
და მოზარდებიც დაგჭირდებოდათ
რომ ეს ყველაფერი ესწავლათ და შემდეგ გამოეყენებინათ.
ჯგუფი ერთად უნდა ყოფილიყო.
შემდეგი დასკვნა რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ ეს ჯგუფი ვერ იქნებოდა მარტო მატერიალისტური.
გაბრაზებული და ნერვებმოშლილი არ შეიძლება იყო როცა ანტილოპას დაჭერას ცდილობ.
არ შეიძლება ჯგუფში იყონ ერთიმეორეზე ნაწყენები და გულში ბოღმას ატარებდნენ.
ვერ იტყვი "მე იმის ანტილოპას არ გამოვეკიდები.
იმან ადრე გამაბრაზა. წავიდეს და თვითონ დაიჭიროს თავისი ანტილოპა."
ჯგუფის წევრებმა უნდა დაივიწყონ ამპარტავნება
და ერთმანეთს მხარში დაუდგნენ.
ანუ მივიღებთ ისეთ კულტურას
რომელიც ძალიან გავს
ტარაჰუმარას ტომს --
ტომს, რომელიც ფაქტიურად არ შეცვლილა
ქვის ხანის მერე.
საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს
რომ ტარაჰუმარა აკეთებს იმას
რასაც ჩვენ ყველანი ვაკეთებდით ორი მილიონი წლის განმავლობაში.
და ჩვენ, თანამედროვე სამყარო, ავცდით გზას.
დღეს ჩვენ სირბილს ვუყურებთ როგორც რაღაც უცხო და უცნაურ საქმიანობას,
როგორც სასჯელს იმისთვის, რომ წინა დღეს პიცა მიირთვით.
მაგრამ იქნებ არ არის ასე?
იქნებ ჩვენ ავიღეთ ეს ჩვენი ბუნებრივი უპირატესობა
და გავაფუჭეთ.
როგორ გავაფუჭეთ? როგორ ვაფუჭებთ საერთოდ რამეს?
მოვინდომეთ ამაზე ფულის გაკეთება.
დავაპირეთ ამის დახარისხება, დაფასოება, გაუმჯობესება
და გაყიდვა.
და მოხდა ისე, რომ ჩვენ დავიწყეთ
ისეთი რთული და დარბილებული რაღაცეების გამოშვება
რომელიც სირბილში მოგვეხმარებოდა. დავარქვით მას სარბენი ფეხსაცმელი.
პირადად მე იმიტომ ვარ გაბრაზებული სარბენ ფეხსაცმელზე, რომ
მილიონნაირი მაქვს ნაყიდი და ყველა ფეხს მტკენდა.
და მე მგონი, თუკი აქ არიან მორბენლები --
წეღან ვესაუბრე კეროლს;
ორი წუთი ვსაუბრობდით კულისებს მიღმა და მელაპარაკებოდა ფეხის ტრავმაზე.
ნებისმიერ მორბენალს რომ დაელაპარაკო, გარანტიას გაძლევთ 30 წამის მერე
საუბარი გადავა ტრავმებზე.
თუკი ადამიანები განვითარდნენ როგორც მორბენლები, თუკი ესაა ჩვენი ბუნებრივი უპირატესობა,
მაშინ რატომ არ გამოგვდის? რატომ ვიღებთ ტრავმებს?
სირბილთან დაკავშირებით, და სირბილთან დაკავშირებულ ტრავმებთან დაკავშირებით საინტერესოა ის, რომ
ეს ტრავმები ახალია, ადრე მორბენლებს არ აწუხებდა ტრავმები.
თუ გადახედავთ ფოლკლორს ან მითოლოგიას,
ყველა მითსა და ლეგენდაში
სირბილი ასოცირდება
თავისუფლებასთან, სიციცხლესთან, ახალგაზრდობასთან და სიჯანსაღესთან.
მხოლოდ ჩვენ დროში მოხდა, რომ
სირბილი ასოცირდება შიშთან და ტკივილთან.
ჯერონიმო ამბობდა
"მხოლოდ ჩემი ფეხები არიან ჩემი მეგობრები. მხოლოდ მათ ვენდობი."
ეს იმიტომ, რომ აპაჩების ტრიათლონი
იყო 50 მილი უდაბნოში,
ხელჩართული ბრძოლა, ცხენების გატაცება
და მერე სახლში ტყავის დამუშავება.
ჯერონიმოს არასდროს უთქვამს :"აუ იცით,
აქილევსის მყესი მაწუხებს, ცოტა უნდა შევამცირო დატვირთვა. ერთ კვირას გამოვტოვებ."
ანდა "ცოტა სხვა ვარჯიშებს შევურევ.
აი, იოგა არ გამიკეთებია. ჯერ მზად არ ვარ."
ადამიანები ყოველთვის დარბოდნენ.
დღეს კი აქ ვართ, გვაქვს ჩვენი ციფრული ტექნოლოგია.
და მთელი ჩვენი მეცნიერება იმის შედეგია, რომ
ჩვენს წინაპრებს შეეძლოთ
ყოველდღე რაღაც ექსტრაორდინალურის გაკეთება,
კერძოდ საკუთარი შიშველი ფეხების გამოყენება
გრძელი დისტანციების დასაფარად.
რა უნდა ვქნათ რომ ისევ მასეთ მდგომარეობაში დავბრუნდეთ?
ჩემი აზრით, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის
ის რომ უარი ვთქვათ დაფასოებაზე, გაყიდვებზე, მარკეტინგზე.
უარი ვთქვათ სუნიან ფეხსაცმელზე.
უარი ვთქვათ ქალაქის მარათონებზე,
სადაც თუ 4 საათი მოუნდი გარბენას, უვარგისი ხარ,
მაგრამ თუ 3.59.59 დაამთავრე, მაშინ ძალიან მაგარი ხარ
იმიტომ რომ ამ შედეგით შეგიძლია შემდეგ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა.
კვლავ უნდა გადავაქციოთ სირბილი გართობად და მხიარულებად
და, მე ვიტყოდი, სიშიშვლედ
რამაც ტარაჰუმარა გახადა
ერთერთი ყველაზე უფრო ჯანმრთელ და უპრობლემო კულტურად ჩვენ დროში.
ანუ რას მივიღებთ ამით ჩვენ?
კარგი, ვთქვათ დაწვავ იმ ზედმეტ კალორიებს რომელიც წინა დღეს მიიღე.
მაგრამ იქნებ სხვა სარგებლის მომტანიც იყოს.
ძალიან ზედმეტებში გადასვლის გარეშე,
წარმოიდგინეთ სამყარო
სადაც ნებისმიერს შეეძლებოდა გარეთ გასვლა
და იმის გაკეთება
რაც მათ გახდიდა უფრო მშვიდ, უფრო უპრობლემო
უფრო ჯანსაღ ხალხად.
მოაცილებდა სტრესს --
ისე, რომ ოფისში დაბრუნების შემდეგ ადამიანი არ ემგვანებოდა გადარეულ მანიაკს.
ამ დროს სახლში წახვიდოდი სტრესისგან თავისუფალი.
იქნებ არის ოქროს შუალედი იმას თუ რა ვართ დღეს და
იმას შორის თუ რა იყო ტარაჰუმარა მთელი ისტორიის მანძილზე.
მე არ ვამბობ რომ ყველანი სპილენძის კანიონში უნდა წავიდეთ
და სიმინდი ვჭამოთ, რაც ტარაჰუმარას მთავარი კერძია.
მაგრამ იქნებ რამე შუალედი გამოვნახოთ.
და თუკი ამას მოვახერხებთ,
იქნებ ერთი კარგი მსუქანი ნობელის პრემია იყოს ამისთვის.
იმიტომ, რომ თუკი ვინმე შეძლებდა
რომ აღგვედგინა ჩვენი ბუნებრივი შესაძლებლობები
რომელსაც ჩვენი არსებობის ძირითადი დროის მანძილზე ვიყენებდით
დაახლოებით 1970-იან წლებამდე,
ამისგან მოტანილი სარგებელი, როგორც სოციალური ისე ფიზიკური,
ასევე პოლიტიკური და მენტალური,
იქნებოდა უზარმაზარი.
მე რასაც ვუყურებ დღეს, არსებობს მზარდი სუბკულტურა
ფეხშიშველა მორბენლებისა, იმათი ვინც უარს ამბობს ფეხსაცმელზე.
და რაც მათ აღმოაჩინეს არის ის, რომ
ფეხსაცმელთან ერთად იშორებ სტრესს,
იშორებ ტრავმებს და ტკივილს.
და აღმოაჩენ იმას
რაც ტარაჰუმარამ უკვე დიდი ხანია იცის,
რომ ეს ძალიან სახალისოც შეიძლება იყოს.
მე თვითონაც გამოვცადე ეს.
მთელი ცხოვრება ტრავმები მაწუხებდა, სანამ 40-ოდე წლის ასაკში არ მოვიშორე ფეხსაცმელი
და ჩემი სირბილთან დაკავშირებული პრობლემებიც გაქრა.
ასე რომ შეიძლება ეს ყველასთვის სასარგებლო იყოს.
და მე ძალიან ვაფასებ რომ თქვენ ბოლომდე მოისმინეთ მთელი ეს ისტორია. დიდი მადლობა.
(აპლოდისმენტები)